- თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხდება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
- აღიარების კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარება ხდება, როდესაც სახეზეა:
ა) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთი;
ბ) თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი.
მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება
- ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი მართლზომიერად ფლობს მიწის ნაკვეთს, თუ მას სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ან მის გარეშე, მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა 2007 წლამდე, ან თუ 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად აქვს დაკავებული მიწა, რომელიც ტექ. არქივშია აღრიცხული.
- მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების აღიარების თაობაზე აღიარების კომისიისთვის მისამართად პირს სჭირდება:
- დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის მიერ მიწის მართლზომიერად ფლობას;
- მიწის ნაკვეთის საკადასტრო/აზომვითი ნახაზი;
- აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- განმცხადებლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.
- მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ფლობის მართლზომიერება დგინდება ამ მიწაზე განთავსებული შენობის პრივატიზაციის დოკუმენტით.
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება
- ფიზიკურ პირის მიერ მიწა თვითნებურადაა დაკავებული, როდესაც მის მიერ დაკავებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა; ასევე, თვითნებურად დაკავებულად ითვლება მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, თუ მათი ჯამური ფართობი არ აღემატება ბარში – 1.25 ჰექტარს, მაღალმთიან რეგიონში კი – 5 ჰექტარს.
- თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების თაობაზე აღიარების კომისიისთვის მისამართად პირს სჭირდება:
- თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მოწმის ჩვენება;
- მიწის ნაკვეთის საკადასტრო/აზომვითი ნახაზი;
- ინფორმაცია, რომელიც საჭიროა აღიარების საფასურის დასადგენად;
- განმცხადებლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.
- თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა. ფიზიკური პირისათვის შეადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე – აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე – აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგ ოდენობას;
ბ. კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის შეადგენს: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე – მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ ნორმატიულ ფასს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე – აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ასმაგ ოდენობას;