ვინ შეიძლება იყოს მემკვიდრე?
არსებობს მემკვიდრეობის მიღების ორი სახე: კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა. აქედან გამომდინარე, გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონების მემკვიდრეობით სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) გადასვლა ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
კანონით მემკვიდრეეები
არიან პირები რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;
ანდერძით მემკვიდრეები
არიან პირები პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.
უღირსი მემკვიდრე
არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე). აღნიშნული პირი მიიღებს სამკვიდროს , თუ მამკვიდრებელი აპატიებს მას და თავის ამ გადაწყვეტილებას აშკარა ფორმით გამოხატავს ანდერძში. პატიების უკან წაღება არ დაიშვება.
სავალდებულო წილის მფლობელი
მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).
სამკვიდროს გახსნის ადგილი და სამკვიდროს მიღების ვადა
სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, – სამკვიდროს ადგილსამყოფელი. თუ სამკვიდრო სხვადასხვა ადგილას იმყოფება, მაშინ სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა უძრავი ქონების ან მისი ფასეული ნაწილის ადგილსამყოფელი, ხოლო თუ უძრავი ქონება არ არის, მაშინ – მოძრავი ქონების ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი.
რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნის ადგილს – საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც დროებით ცხოვრობდა საზღვარგარეთ და იქ გარდაიცვალა, სამკვიდროს გახსნის ადგილს წარმოადგენს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, მაშინ – სამკვიდროს ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი. ხოლო სამკვიდროს გახსნის ადგილად იმ პირთა გარდაცვალების შემდეგ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, ითვლება ის ქვეყანა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.
სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.მისი მიღება შესაძლებელია პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.
ანდერძის ფორმა
ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, ნებადართულია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე. აგრეთვე დასაშვებია, რომ ანდერძი მოანდერძის სიტყვებით ჩაიწეროს ნოტარიუსმა ორი მოწმის თანდასწრებით, ამ შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და ნოტარიუსისა და მოწმის თანდასწრებით მოაწეროს ხელი. თუ მოანდერძე რაიმე მიზეზით თვითონ ვერ მოაწერს ხელს ანდერძს, შეიძლება მისი თხოვნით ხელი მოაწეროს სხვა პირმა. ამასთან, უნდა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ ვერ შეძლო ანდერძზე ხელის მოწერა.
შინაურული ანდერძი
მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი, ხელი მოაწეროს მას და ხელმოწერილი ანდერძი დალუქული კონვერტით გადასცეს ნოტარიუსს (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირს) სამი მოწმის თანდასწრებით, რაც დასტურდება კონვერტზე ხელის მოწერით.
მოანდერძის სურვილით მოწმეებმა ანდერძი უნდა დაადასტურონ ისე, რომ არ გაეცნონ მის შინაარსს (დახურული ანდერძი). ამ შემთხვევაში მოწმეები უნდა ესწრებოდნენ ანდერძის შედგენას, თუმცა ამ შემთხვევაში მოწმეებმა უნდა მიუთითონ, რომ ანდერძი შედგენილ იქნა პირადად მოანდერძის მიერ მათი თანდასწრებით, მაგრამ ისინი არ გასცნობიან მის შინაარსს.
დაბოლოს, ანდერძში მითითებული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი. თარიღის არარსებობა იწვევს ანდერძის ბათილობას მხოლოდ მაშინ, თუ ვერ გაქარწყლდება ანდერძის შედგენის, შეცვლის ან გაუქმებისას, ასევე რამდენიმე ანდერძის არსებობისას მოანდერძის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვი.